პასტორი
ზაალ ტყეშელაშვილი


• დაიბადა 1964 წელს ქ.ქუთაისში;
• ბავშვობის ასაკში მასზე შესრულებულ იქნა ნათლობის რიტუალი ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში;
• 1980 წელი – დაამთავრა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა;

80 - იანი წლები


• 1980 წელი – ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე;
• 1980 წელი – მიიღო იესო ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი თბილისის ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში (ე.წ. „კახოვკაზე“) და რწმენის საფუძველზე მოინათლა სახარებისეულად, წყალში სრული შთაფლვით. ამის შემდგომ, ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან განიცდიდა გარიყულობას და ძლიერ ზეწოლას მართლმადიდებლური ინსტიტუციის დატოვების გამო.
• რიცხავდნენ უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტიდან ათეიზმის საგნის „ვერ“ ჩაბარების გამო, თუმცა რეალურად ეს რწმენის ნიადაგზე ხდებოდა. სწავლის გააგრძელება შეძლო მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორის, აკად. ვ.ოკუჯავას ექსკლუზიური გადაწყვეტილებით.
• რწმენის მოტივით გამოვიდა კომკავშირის რიგებიდან და საჯაროდ, ოფიციალურად დადო კომკავშირის ბილეთი. შედეგად განიცდიდა ზეწოლას უნივერსიტეტის პარტიული და კომკავშირული კომიტეტის ხელმძღვანელობისაგან.
• 1985 წელი – ამთავრებს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს, ასევე ჟურნალისტიკის მეორად ფაკულტეტს; ანიჭებენ თადარიგის სამხედრო ოფიცრის წოდებას;
• 1985-1993 წლებში მუშაობს თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე, მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში, ქუთაისის უნივერსიტეტის კიბერნეტიკის კათედრაზე;
• აქტიურად ერთვება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში;
• ღია საპროტესტო წერილს უგზავნის საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს, მარშალ იაზოვს და ოფიციალურად აპროტესტებს საბჭოთა ოკუპაციას საქართველოში. ასევე უარს ამბობს უნივერსიტეტში მინიჭებულ საბჭოთა ოფიცრის წოდებაზე. კრემლიდან მოსული სადამსჯელო სამხედრო ბრძანების აღსრულება მის მიმართ ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც.
• 1988 წელი – სულიწმიდით ნათლობის დოქტრინის აღიარების გამო, მონაწილეობას იღებს ბაპტისტური ეკლესიისგან გამოყოფილი მცირე ჯგუფის მსახურებებში. შედეგად, იძულებული გახდა დაეტოვებინა ბაპტისტური ეკლესია, ხელმძღვანელობასთან დოქტრინალური შეუთანხმებლობის გამო.
• საბჭოთა საქართველოში აარსებს არალეგალურ ქრისტიანულ გაზეთს: „საქართველოს მახარებელი“; აქტიურად მონაწილეობს მახარებლური მისიის, „საქართველოს მახარებლის“ საქმიანობაში.

90 - იანი წლები


• 1990 წლიდან უკავშირდება სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელური) ეკლესიის მორწმუნეებს;
• შეთავსებით მუშაობს ტელეკომპანია „რიონში“ ჟურნალისტად;
• აარსებს მისია „იმანუელს“, აწყობს მასშტაბურ მახარებლურ მსახურებებს (ევანგელიზაციებს), კონფერენციებს;
• აარსებს გამომცემლობა „იმანუელს“, გამოსცემს გაზეთ „იმანუელს“, რომლებსაც ავრცელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელურ) ეკლესიებში გამოღვიძების გასაღვივებლად და ახალი ეკლესიების დასაფუძნებლად. მოგვიანებით, აარსებს ჟურნალ „ნუგეშისმცემელს“
• ამთავრებს „ღმერთის ასამბლეის“ (აშშ) აკრედიტირებულ თეოლოგიურ სემინარიას ქ. მოსკოვში, ბაკალავრის ხარისხით თეოლოგიაში და ქრისტიანულ განათლებაში (Bachelor of Arts Degree in Theology and Christian Education);
• კავშირს ამყარებს საერთაშორისო ქრისტიანულ ორგანიზაციებთან: „ღმერთის ასამბლეა“ („Assembly of God“, აშშ), „სლავური მისია“ (Slavic Mission, შვედეთი), „სიცოცხლის სიტყვა“ („Livets Ord” შვედეთი). მასპინძლობს მათ და საფუძველს უდებს ფართო მისიონერულ საქმიანობას პოსტკომუნისტურ საქართველოში.
• „გლობალურ უნივერსიტეტში“ (ირვინი, ტეხასი, აშშ) აქართულებს ქრისტიანულ დოკუმენტურ ფილმს: „სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვები“ (Great Question of Life);
• არის ჟურნალ „HOPE” -ის (ვანკუვერი, ვაშინგტონი, აშშ) კორესპოდენტი;
• 1996 წელი – მეუღლესთან ერთად, უკვე როგორც პრესვიტერი, იწყებს ღმერთის სიტყვის გავრცელებას თბილისში;
• არჩეულ იქნა საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათაინელური) ეკლესიის რეგისტრირებული ორგანოს, „სრულიად საქართველოს სახარებისეულ ქრისტიანთა ასოციაციის“ პრეზიდენტად. მიზეზთა გამო, მალევე უარს ამბობს ამ პოზიციაზე.
• სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელური) ეკლესიის ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის გამო, თმობს და ტოვებს ყველაფერს.
• 1998 წლიდან, როგორც პასტორი, ხელმძღვანელობს ქრისტეს მიმდევართა ორგანიზმს - „ევანგელისტურ ეკლესიას“;

2000 -იანი წლები


• 1999-2000 წლები – მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად განიცდის დევნას რწმენის ნიადაგზე სახელმწიფოსა და რელიგიური კრიმინალების მხრიდან. მიიღო სხეულის დაზიანებები თავდასხმების დროს; სერიოზულად დაუზიანეს ერთი თვალი;
• 1999-2001 წლები – რწმენისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მეუღლესთან ერთად გაიარა პოლიციის წინააღმდეგ სამი სასამართლო პროცესი (ადვოკატი ლია მუხაშავრია);
• 2002 წელი – საკონსტიტუციო სასამართლოში შედის პასტორების, ზაალ და ნინო ტყეშელაშვილების სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (ადვოკატი თინა ხიდაშელი, საია). წარმოებულ დავაში პასტორები ნაწილობრივ იმარჯვებენ, რის შედეგადაც, შევიდა ცვლილება საქართველოს კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“: „არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულება „ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი“. სიტყვის და ქადაგების ამ თავისუფლებით, დღეს მთელი თანამედროვე საქართველო სარგებლობს.
• 2003 წელს მეუღლესთან და ეკლესიასთან ერთად ისევ გადის სასამართლო პროცესს რელიგიურ ფანატთა ჯგუფის წინააღმდეგ, ქრისტიანთა ერთობლივი ლოცვის დარბევის გამო;
• პასტორების დევნისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ფაქტები შეტნილი იყო მრავალ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციათა ანგარიშებში, მათ შორის ორჯერ იყო შეტანილი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში;
• ამერიკულ ეკლესიათა (Assembly of God) შეკვეთით, პასტორებისა და ევანგელისტური ეკლესიის შესახებ გადაღებული იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოში მორწმუნეთა მხარდასაჭერის მიზნით, ამერიკის მრავალმა ეკლესიამ იხილა.
• 2004 წელს, პასტორი ზაალი, მსოფლიოს და ევროპის ევანგელურ ალიანსებთან თანამშრომლობით, პირველ ნაბიჯებს დგამს საქართველოში ევანგელური ალიანსის შესაქმნელად. მის მიერ ორგანიზებული რამდენიმე შეხვედრის შედეგად, შედგა საქართველოში არსებული ყველა პროტესტანტული ეკლესიების თანამშრომლობის მემორანდუმი.
• 2004 წლიდან მეგობრულ, მჭიდრო სულიერ კავშირს ამყარებს ელადის (საბერძნეთის), ბულგარეთის და ალბანეთის ქრისტიანულ ეკლესიათა თანამეგობრობასთან;
• 2005 წლიდან ევანგელისტური ეკლესია არის სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი;
• 2006 წელს, პასტორები ისევ აწყდებიან წინააღმდეგობას სახელმწიფოს მხრიდან. ნოტარიუსი არ ამოწმებს ეკლესიის სარეგისტრაციო საბუთებს. მიზეზად ასახელებს მის მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. პასტორები არ დათანხმდნენ ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელის პირად თხოვნას, მიემართათ სხვა ნოტარიუსისათვის. პასტორები, სახალხო დამცველის ოფისთან ერთად იბრძვიან სამართლებრივი გზებით და იმარჯვებენ. შედეგმა გზა გაუხსნა საქართველოში არსებულ სხვა პროტესტანტულ ეკლესიებსაც, დაუბრკოლებლად მიეღოთ იურიდიული სტატუსი.
• 2008 წელი – სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან საქართველოში მოიწვია „საერთაშორისო ქრისტიან ადვოკატთა ალიანსის“ იურისტები და სიმპოზიუმზე საფუძველი ჩაუყარა ევროპის ქრისტიან ადვოკატთა ალიანსის საქართველოს ფილიალს;
• 2010 -2011 წლები – ამთავრებს რწმენის საერთაშორისო სასწავლებელს სეირვილში (ნიუ ჯერსი, აშშ); ამთავრებს ჰაგაის ლიდერთა სკოლას კუნძულ მაუიზე (ჰავაი, აშშ);
• 2012 წლიდან ეკლესია რწმენით იწყებს სამლოცველო სახლის მშენებლობას. უფლის მხარდაჭერითა და წინამძღოლობით, ეკლესიამ ხუთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად დაასრულა მშენებლობა.
• 2019-2020 წლები - თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა ყალბი საბუთებით და ცილისწამებებით სავსე სარჩელი, რომლითაც მავანნი ცდილობდნენ პასტორების მოღვაწეობის უკანონოდ გამოცხადებას და შესაბამისად ევანგელისტური ეკლესიის მოქმედების აკრძალვას. პასტორმა ზაალმა, მეუღლესთან და ეკლესიასთან ერთად, მოიგო სასამართლო დავა და შეინარჩუნა მანიპულირებადი ზეგავლენებისაგან თავისუფალი მსახურის სტატუსი.
• დღემდე ის არის საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი და ავრცელებს ღმერთის სიტყვის სინათლეს მეუღლესთან, საკუთარ შვილ – შორენასთან და მეგობრებთან ერთად;

პასტორი
ნინო ტყეშელაშვილი


• დაიბადა 1968 წელს ქ. თბილისში;
• 1985 წელს დაამთავრა თბილისის აკად. ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა;
• 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;
• 1991-1993 წლებში მუშაობდა გრაფიკოს-დიზაინერად გაზეთებში: „შვიდი დღე“, „მიმომხილველი“, „ახალი თაობა“;
• 1992 წელს მასზე შესრულდა ნათლობის რიტუალი მართმადიდებლურ ტაძარში;
• 1993 წელი – თავის ოთახში შეხვდა უფალ იესო ქრისტეს და მიიღო ცოცხალი ღმერთის რწმენა;
• 1993 წელი – პირადი რწმენის საფუძველზე მოინათლა სახარებისეულად, წყალში სრული შთაფლვით.
• 1996 წელს გადის Mariannelund’s Folkhogskola-ის InterConnect-ის კურსს (მარიანელუნდი, შვედეთი);
• 1998 წელი - პასუხობს მისდამი ღმერთის მოწოდებას და გაბედულად იწყებს საჯარო ქადაგებასა და მსახურებას;
• განიცდის თავდასხმებს, შურაცხყოფებს და გარიყვას რელიგიური წრეებიდან, როგორც მსახური და ასევე, როგორც ქალი მქადაგებელი;
• წლების განმავლობაში მიმდინარეობს მისი დისკრედიტაცია და პარალელურად ზეწოლა მის მეუღლეზე, რომელიც მხარს უჭერს მას, იყოს ქალი პასტორი. მისი უკომპრომისო და თავისუფლებისმოყვარე ქადაგებების გამო, იღებს მუქარისა და სიძულვილს მესიჯებს სხვადასხვა ფორმით.
• 1999 წლიდან გადის სასამართლო პროცესებს და დევნებს მის მეუღლესთან და ეკლესიასთან ერთად;
• 2008 წელს ხელდასხმული იყო მსახურის ხარისხში ელადის და ბულგარეთის ეკლესიების ეპისკოპოსის მიერ;
• 2006-2010 წლები - სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე და მოიპოვებს დოქტორის ხარისხს;
• 2019-2020 წლებში, რელიგიური წრეებიდან ისევ თავს ესხმიან და მეუღლესთან ერთად, ისევ გადის სასამართლო პროცესებს ზეგავლენებისაგან თავისუფალი მსახურის სტატუსის შესანარჩუნებლად;
• დღემდე მეუღლესთან, შვილთან – შორენასთან, და მეგობრებთან – იესოს მოწაფეებთან – ერთად, ღირსეულად და შეუდრეკელად ავრცელებს ღმერთის სიტყვის სინათლეს.