ჩვენი რწმენა
• გვწამს, რომ, არსებობს ერთი ღმერთი, რომელიც არის შემქმნელი ყოველივესი: ხილულისა და უხილავისა; ის არის ჩვენი მოსიყვარულე მამა (მათე 5:45);
• გვწამს, რომ ბეთლემში დაბადებული იესო, რომელიც წმინდა სულისაგან ჩასახულ იქნა ქალწულში - არის ქრისტე;
• გვწამს, რომ ის დაიკლა ჯვარზე, როგორც შესაწირი კრავი ჩვენი ცოდვების საზღაურად;
• გვწამს რომ მისი დაღვრილი სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისაგან და მისი სამართლიანობა მადლით ჩვენ გვებოძა;
• გვწამს, რომ ქრისტე იესო აღსდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და მასშია მამის მთელი სისავსე;
• გვწამს, რომ ჩვენ ვართ შობილნი ზეციდან და წმინდა სულით აღვსილნი ვიმარჯვებთ სიბნელის და ბოროტის ძალებზე უფალთან სამარადისო სიცოცხლისათვის;
• გვწამს, რომ უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს უნიკალური მისია დედამიწაზე და რომ ღმერთის ერს უნდა ჰქონდეს ერთობა სულიწმინდის მმართველობით (ეფეს 4:3);
• გვწამს, რომ იესო ქრისტე არის თავი, ხოლო ეკლესია მისი სხეული, რომელსაც ის ხელმძღვანელობს წმინდა სულის საჩუქრების საშუალებით (სულიწმინდის ნიჭებით)
ეკლესიის თავი არის იესო ქრისტე
ღმერთის სიტყვა ცალსახად გვეუბნება, რომ ეკლესიის თავი და მისი მხსნელი არის იესო ქრისტე, ხოლო თვით ეკლესია არის ქრისტეს სხეული (ეფესელთა 5:23)
იესო ქრისტე არის ცოცხალი, ეს ნიშნავს, რომ თავი ცოცხალია, ამიტომ სხეული - ეკლესიაც უნდა იყოს ცოცხალი ანუ მიზანმიმართულად უნარიანი. ზოგადად სხეულის სიცოცხლე ნიშნავს მისი როგორც მთლიანის, ასევე მისი თითოეული ნაწილის თავთან ცოცხალ კავშირს: ინფორმაციის, ბრძანების, გრძნობების გაცვლა - გამოცვლას. მკვდარ სხეულს არავითარი კავშირი არა აქვს თავთან, ცოცხალი სხეული კი არაფერს და ვერაფერს აკეთებს თავის გარეშე.
ეკლესიის სიცოცხლე ნიშნავს, რომ ის ეძიებს იესოს რჩევებს, ლოცულობს, რათა შეძლოს მისი წინამძღოლობით სიარული; ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველად თავთან შეკითხვით და მოქმედებს მიღებული პასუხის შესაბამისად. არ მიყვება ადამაინურ გეგმებს. ღმერთის მსახურები ეძებენ მის ნებას, რათა იცოდნენ ეკლესიის აღშენების გეგმა, რომლის გაცხადების ექსკლუზიური უნარი აქვს მხოლოდ წმინდა სულს (სულიწმინდას).
ის, რომ იესო არის ეკლესიის თავი, მხოლოდ რაღაც განყენებული რწმენა კი არ უნდა იყოს, არამედ ეკლესია უნდა ცხოვრობდეს, სუნთქავდეს ამით. ეს რომ აღსრულდეს, საჭიროა ეკლესიის მუდმივი მიყურადება თუ რას ამბობს უფალი მისთვის და მგრძნობიარე იყოს წმინდა სულის მიმართ. ეკლესიას სჭირდება ძალისხმევის გამოვლენა, რათა ეძიოს უფლის რჩევა თითოეულ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც სასიცოცხლოა ღმერთის საქმის აღსასრულებლად.
წერილებში გვაქვს ძვირფასი მაგალითები, თუ როგორ დამოკიდებულებაში იყვნენ უფალთან ღმერთის ერთგული შვილები. ისინი არაფერს აკეთებდნენ უფლისაგან მიღებული მითითებების გარეშე. თავის მხრივ, უფალი ღრმა პატივისცემას გამოხატავდა მათ მიმართ და სხვებისათვის სასწავლებლად მაგალითად მოყავდა მათი ერთგულება. დავითის მიმართ უფალი არ იშურებს შემდეგ სიტყვებს: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს“ (საქმეები 13:22)
მეორე ძალიან კარგი მაგალითია მოსე, რომელიც არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებდა უფალთან შეთანხმების გარეშე. მასთან მიმართებაში ბიბლია ამბობს: „და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს პირისპირ, როგორც თავის მეგობარს ელაპარაკება კაცი“ (გამოსვლის 33:11). არც ერთ სხვა წინასწარმეტყველს არ დაუპყრია ურთიერთობის ეს სიმაღლე.
მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად და წმინდა სული მოვიდა ეკლესიაში, იესო ქრისტე მართავს ეკლესიას წმინდა სულის საჩუქრებით (სულიწმინდის ნიჭებით). დაწყებული მოციქულთა დროიდან დღევანდელ დღემდე იესო კვლავ არის ეკლესიის თავი და მმართველი.
მაგალითად, როდესაც ასისთავმა კორნელიოსმა სახლში დაპატიჟა მოციქული პეტრე, სწორედ წმინდა სულის საჩუქრის გამოჩენით გაცხადდა ღმერთის ნება (საქმეები 10:3-6).
სწორედ უფალმა მისცა დავალება ფილიპეს, ექადაგა ეთიოპიელი საჭურისისათვის (საქმეები 8:26-29); გამოაშკარავდა ანანიას და საფირას ცოდვა (საქმეები 5:14); წარუძღვა უფლის მოწაფეს, ანანიას რომ მისულიყო სავლესთან და ელოცვა მასზე (საქმეები 9:10-16); გაუცხადა მოციქულ პეტრეს, რომ არ ეყოყმანა და ექადა წარმართებისათვის კორნილიოსის სახლში (საქმეები 10:9-16, 19-20); იესოს სულმა გამოუცხადა მოციქულ პავლეს, რომ არ ექადაგა სახარება არც აზიაში და არც ბითვინიაში, არამედ წასულიყო მაკედონიაში (საქმეები 16:6-10); გაუხსნა ეკლესიას, რომ ძველი აღთქმის გარკვეულწილად ასრულება მოიცავს წარმართთა ღმერთისაკენ მოქცევას (საქმეები 15:28-29); უფლის სულით მართული იყო მოციქული პავლე, როდესაც წავიდა იერუსალიმში მოციქულთათვის გამოცხადების გასაზიარებლად (გალატ. 2:1-2);
ჩვენ გვწამს, რომ დღესაც ეკლესიას უნდა გააჩნდეს მსგავსი მმართველობის წყურვილი, რათა იესოს მოთავეობა იყოს რეალური და არა მხოლოდ ფურცელზე მრწმსის სახით დეკლარირებული.
ღმერთის სიტყვა გვმოძღვრავს და გვასწავლის სულიერი კანონების შესახებ, რათა ეკლესიას ჰქონდეს ცოდნა, მაგრამ სწორედ წმინდა სულის საჩუქრების (სულიწმინდის ნიჭების) საშუალებით უხსნის უფალი ადგილობრივ ეკლესიას, ცალკე აღებულ პასტორს, (ხუცესს, პრესვიტერს) როგორ გამოიყენოს მოძღვრება პრაქტიკულ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასე, რომ უფალი იესო ქრისტე წმინდა სულის საჩუქრებით აცხადებს ადგილობრივი ეკლესიის დეტალური მშენებლობის სულიერ არქიტექტურას მწყემსის (პასტორის, ხუცესის, პრესვიტერის) მეთვალყურეობის ქვეშ.
ეკლესიის მწყემსი უნდა იყოს მართალი სიტყვის მატარებელი, წმინდა სულით სავსე, გაბედული, უშიშარი და უკომპრომისო, მხოლოდ იესოს წინაშე მდგომი. სხვაგვარად შეუძლებელია მან დაამარილოს ქვეყანა. (მათე 5:13)
წმინდა სულის საჩუქრებით (სულიწმიდის ნიჭებით) გადმოცემული მითითებები უნდა იყოს გამოკვლეული პასტორის (ხუცესის, პრესვიტერის) მეთვალყურეობის ქვეშ (1 თეს. 5:10-21) და დადასტურებული სიბრძნით (1კორ. 14:20,40).
ეკლესია წარმოადგენს ქრისტეს სხეულს
ქრისტეს სხეულის შესახებ სწავლება ფუნდამენტალურია ეკლესიის სულიერი განვითარებისათვის. მოციქული პავლე ნათლად ამბობს, რომ ეკლესიის თავი არის იესო ქრისტე, ხოლო ეკლესია არის ქრისტეს სხეული (1კორ. 12:27; ეფეს. 1:22-23). მოციქული ასევე აღწერს, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს ეკლესიამ, როგორც სხეულმა. ეს არის არა მხოლოდ სამოძღვრებო ცოდნა, არამედ ცხოვრებისეული რეალობა.
იმისათვის, რომ ცოცხალი იყოს სხეული და მართული წმინდა სულით (სულიწმინდით), საჭიროა ის მიბმული იყოს თავთან - იესო ქრისტესთან. ასე, რომ ეკლესია უნდა ცხოვრობდეს უფალ იესო ქრისტესთან ერთად და იღებდეს წმინდა სულის საჩუქრებს (სულიწმინდის ნიჭებს), რომელთა მეშვეობითაც აშენებს იესო მის ეკლესიას.
ეკლესიას ნამდვილობას სძენს ის გარემოება, არის თუ არა ის ცოცხალ ურთიერთობაში თავთან - იესო ქრისტესთან. იესო არა აძლევს ლეგიტიმაციას რელიგიურ ინსტიტუციას, რომელიც ფორმალურად აღაირებს მას როგორც თავს, მაგრამ ამავ დროს ეკლესიაში დამყარებულია ადამიანის მმართველობა და ყველაფერი მისი გადაწყვეტილებების შესაბამისად მოქმედებს. იესო მხოლოდ ისეთ მმართველობას თანხმდება, როდესაც ყველა სადავეები მის ხელთააა გადაცემული, რათა მართოს ეკლესია მის ნებაზე, როგორც სურს.
ეკლესიამ უნდა შექმნას ისეთი ატმოსფერო, სადაც იესოს თავისუფლად შეეძლება მმართველობა - ისე, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ. შესაბამისად ეკლესია მზად უნდა იყოს მიიღოს მისი მითითებები (გაცხადებული წმინდა სულის საჩუქრებით), ირწმუნოს და დაემორჩილოს მას.
იმისათვის, რომ უფალმა იესომ სრულად შეძლოს მისი ნების აღსრულება ეკლესიის საშუალებით, საჭიროა ეკლესია მოწყობილი, ორგანიზებული იყოს სხეულის მსგავსად (1კორ 12; ეფეს. 4:1-6), სადაც ეკლესიის თითოეულ წევრს, სხეულის კერძო ნაწილს, ექნება საკუთარი ფუნქცია, რომელსაც შეძლებს უერთგულოს. ერთობლივად კი სხეული აღშენებული უნდა იყოს ყველა წევრის წმინდა სულის საჩუქრების მოქმედებებით და სიტყვის მსახურთა შრომის შედეგად (მსახურების ხუთი ნიჭით. ეფესელთა 4:11)
ქრისტეს სხეული უნდა იყოს ჯანმრთელი და ნორმალური.
მაგალითად ნორმალური სხეულის ყველა ნაწილი, საკუთარი ფუნქციის შესრულებაში დამოკიდებულია ტვინზე. თუ ტვინის ფუნქცია დარღვეულია, თუნდაც სხეულის ნაწილები სრულყოფილი და უნაკლო იყოს, ისინი მაინც ვერ იფუნქციონირებენ შესაბამისად.
მსგავსადაა მოწყობილი ქრისტეს სხეული. იესო ქრისტე - თავი, აცხადებს მის ნებას როგორც ეკლესიის თითოეული წევრისათვის, ასევე მთლიანად ეკლესიისათვის. სწორედ ამ მიზნით - გამოცხადების მისაღებად არის გამოგზავნილი წმინდა სული (სულიწმინდა), რომელიც მარადიულად რჩება ეკლესიასთან (იოანე 16:13-14).
ადამიანის სხეულის თითოეული ნაწილი იმგვარადაა ფორმირებული, რომ ჰარმონიულად იკავებს მისთვის განსაზღვრულ ადგილს და ასრულებს შესაბამის ფუნქციას. მსგავსად ქრისტეს სხეულში, წევრები თვითნებურად როდი ირჩევენ სასურველ ადგილს და ფუნქციას, არამედ უფალი, წმინდა სულის მეშვეობით, სუვერენულად თვით ადგენს სხეულის ნაწილებს (1კორ. 12:18-28).
ეკლესიის წევრი, ღმერთის მიერ დადგენილი კონკრეტულ მოწოდებაში, საბოლოოდ ფორმირდება მასზე მსახურთა შრომის შედეგად, რომელებიც თავის მხრივ ღმერთისგან აღჭურვილი უნდა იყოს სულიერი სიბრძნით ეკლესიის აღსაშენებლად.
ეკლესია დგას და შენდება მშრომელი და ერთგული წევრების მიერ, რომლებიც ემორჩილებიან ღმერთის მიერ მათთვის განსაზღვრულ მოწოდებას და ღმერთის მსახურებთან თანამშრომლობას.
რწმენა და ერთგულება - აი რით განისაზღვრება ეკლესიის ხარისხი. ერთგულება ნიშნავს უფლის მიერ, წმინდა სულის საჩუქრებით და ღმერთის მსახურებით გადმოცემულ განსაზღვრულ სიტყვაზე დაყოლას ეკლესიის ყოველდღიურ საქმიანობაში.
ეკლესიის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ თითოეული პასუხისმგებელია, რათა თანამონაწილე იყოს ეკლესიის აღშენებაში და ერთგულად შეასრულოს წმინდა სულის მიერ მისთვის გაცხადებული ფუნქცია ქრისტეს სხეულში.
თანამედროვე ეკლესიური მოდელები
1 კორ. 2:11-12; 3:10-11
ქვეყნიერებიდან აღებული მოდელი
ქრისტიანულმა სამყარომ ეკლესიის მოდელად რამდენიმე უცხო შემოთავაზება გაითავისა. უკვე პირველ საუკუნეში, ეკლესიამ დაიწყო გადახრა ბიბლიური მოდელისგან, რომელსაც წინასწარ გრძნობდა პავლე მოციქული (საქმეები 20:28);
დროთა განმავლობაში ეკლესიებში სულიწმიდის საჩუქრებით (ნიჭებით) მმართველობა შეცვალა ადამიანურმა მენეჯმენტმა. აი II საუკუნის ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი მსახურის, ანტიოქიის ეპისკოპოს ეგნატეს წერილი ეფესელთა მიმართ: „ჩვენ უნდა შევაფასოთ ეპისკოპოსი, როგორც თვით უფალი... თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ ეპისკოპოსის და პრესვიტერის გარეშე... დააფასეთ ეპისკოპოსი, როგორც მამა ღმერთის სახე... „ (აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით ეს არ არის ეგნატეს სიტყვები, არამედ ის მოგვიანებით დაიწერა ეპისკოპოსთა გადიდკაცების ეპოქაში და მიაწერეს ეს სიტყვები ეგნატეს, როგორც ეკლესიის ავტორიტეტს. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში).
ბევრი დენომენაცია დღეს ცდილობს გამოზარდოს ეფექტური წინამძღოლები თანამედროვე თეოლოგიურ სემინარიებში და ნერგავენ ქვეყნიერებაზე არსებულ „ლიდერშიფის“ უახლეს ტექნიკებს ამ სფეროებში. ამ სემინარიათა მენტორები იყენებენ ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის თუ ბიზნესის განვითარების იმ სტანდარტებს და მოდელებს, რომელიც დამყარებულია კომპანიებში მოტივაციის ამაღლებაზე და წარმატებაზე.
მრავალი ეკლესია ფუნქციონირებს ქვეყნიერების მიერ შემუშევაბული მოდელების შესაბამისად, რომელიც გარკვეულად წარმატებულად მუშაობს საკვირაო მსახურებაზე ხალხის მოსაზიდათ. ეს არის მეთოდები და პროგრამები, რათა ადამიანებისათვის სასიამოვნო და სახალისო, ასევე მიმზიდველი გახდეს მსახურებაზე მოსვლა.მასში ჩართულია ფსიქოლოგიური მეთოდები, რათა უფრო წარმატებით გაიყიდოს შთავაზებული პროდუქცია. პასტორის ფუნქცია ძირითადად არის ადამიანების დამშვიდება, გამხნევება, კონსულტაცია, დამეგობრება. არსებობს სპეციალური ტექნოლოგიები როგორ გაიზარდოს მრევლი, როგორ დარჩეს ადამიანი ეკლესიაში, როგორ გამოვიყენოთ შოუ ბიზნესის ელემენტები და არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე მუსიკის მოთხოვნებს. მართალია ეს მეთოდები და პროგრამები არ ეწინააღმდეგება ღმერთის სიტყვას, მაგრამ ეს პრობლემების „მოგვარების“ ამქვეყნიური და დროებითი მეთოდია, რომელიც ნელ-ნელა სულიერად ფიტავს ეკლესიას.
ასეთი მოდელი და მმართველობის სტილი ასაფლავებს სულიერ ლიდერს (პასტორს, პრესვიტერს), რომელიც მოწოდებულია გამოცხადებითი მსახურებისათვის და ცხებულია ამაში. ასეთ ეკლესიაში წინამძღვარი მუხლჩაუხრელად და უმწიკვლოდ შრომობს ყველა პროგრამის განხორციელებაზე როგორც კომპანიის კარგი მენეჯერი, მაშინ როდესაც საათებს, დღეებს და კვირეებს მშვიდად უნდა ატარებდეს ლოცვაში, მარხვაში იესოსგან გამოცხადებების მიღებაში, და მისი მოსვლის მოლოდინში. ასეთ ეკლესიაში წინამძღვარი მართავს ეკლესიას თანამედროვე მენეჯმენტის შესაბამისად: დამყარებულს ფინანსებზე და ადამიანთა მხრიდან მინიჭებულ ავტორიტეტზე, მაშინ როდესაც უნდა იღებდეს წმინდა სულის საჩუქრებს და ღმერთის გამოცხადებებს გადასცემდეს სამწყსოს. ასეთ ეკლესიებში ხელმძღვანელ პოსტებზე აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებთაც აქვთ ლიდერობის და მენეჯმენტის უნარები, ორატორული ნიჭი იქადაგონ და ასწავლონ, მაგრამ არა აქვთ სულიერი გამოცდილება.
ასეთი ეკლესიები არ ემყარება დროის მიღმა მყოფ იმ რწმენას, რომ წმინდა სულს (სულიწმინდას) შეუძლია კონკრეტულ ეკლესიას მისცეს ისეთი გამოცხადება, რომელიც დაუპირისპირდება თანამედროვე საუკუნის დიდ გამოწვევებს. ამიტომ ადამიანთა მოზიდვის მიზნით მიდიან კომპრომისზე წარმართულ რიტუალებთან თუ კულტურასთან. შესაბამისად ეკლესია ვერ ცვლის ქვეყნიერებას, სამაგიეროდ ეკლესია ემსგავსება ქვეყნიერებას. ასეთ ეკლესიებს არ სწამთ, რომ ღმერთს შეუძლია უშუალოდ კონკრეტულ ეკლესიას განუცხადოს სულიწმინდის მეთოდი მისი საქმის აღსასრულებლად. ეს ურწმუნოება გამოწვეულია იმით, რომ ღმერთი იშვიათად მიმართავს ასეთ ეკლესიებს მიმართულების მისაცემად წმინდა სულის საჩუქრების (სულიწმიდის ნიჭების) და წინასწარმეტყველთა საშუალებით.
ამ ურწმუნოების გამო მრავალი ასეთი ეკლესია აღფრთოვანებულია კიდეც ქვეყნიერების წარმატებული მეთოდებით, ხალხის მოზღვავებით და ზოგჯერ ამპარტავნებენ კიდეც ამით. ისინი განადიდებენ არა იესოს, არც სხეულს - ეკლესიას, არამედ პასტორს, ეპისკოპოსს, არქიეპისკოპოსს, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ასეთ ეკლესიებს აქვთ შეფასების თავიანთი სისტემა: რაც უფრო ბევრი წევრია ეკლესიაში, ან რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით უფრო ავტორიტეტულია ხელმძღვანელი. მრევლი განუსწავლელია ამ კუთხით და აქცენტს არ აკეთებს წმინდა სულის რა საჩუქრებით, გამოცხადებებით ან თავგანწირვით ოპერირებს მათი წინამძღვარი.
სულიერი ლიდერიც მრევლის შეკვეთას ექვემდებარება და საკუთარი თავის შეფასების ასეთ სისტემაზე გადასვლით ცდილობს წარმოჩნდეს ხალხმრავალი ეკლესიის ხელმძღვანელად.
სწორედ ამ დათვლების გამო დასაჯა ღმერთმა დავითი. ის ითვლიდა და აფასებდა იმას, რაც მისი არ იყო; არც რაოდენობაზე იყო დამოკიდებული მისი გამარჯვება და სიძლიერე, რადგან ღმერთია ყველა დიდების და მიღწევების ავტორი (2 მეფ.24).
ამგვარად ასეთი ეკლესიები და პასტორები დამოკიდებულნი ხდებიან ქვეყნიერების მეთოდებზე და საშუალებებზე. საკუთარ თავს ყოფენ უფლის ხმის გაგონებისადმი მოუცლელობის ჯაჭვში, რომელსაც თავს ვერ აღწევენ. ამის გამო, ის რასაც მიაღწია ასეთმა ეკლესიამ, არის ის, რომ მუდმივად იყოს დამოკიდებული ქვეყნიერებაზე, ფინანსებზე, პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, მუდმივად ფეხი აუწყოს და დაემსგავსოს, არ ჩამორჩეს იმას რაც მოდაშია და თანამედროვეა.
ეკლესიის რელიგიური მოდელები
ესენი არიან ეკლესიები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ბიბლიაში ჩაწერილ რომელიმე განყენებულ მოვლენაზე ან ე.წ. ღმერთის სიტყვის თანამედროვე ინტერპრეტაციაზე. ისინი აღწერენ განყენებულ დოქტრინას ისე, თითქოს ის იყოს თანამედროვე ეკლესიის სულიერების და ჭეშმარიტების „მაგიური“ პოსტულატი.
ასეთი ეკლესიები აქცეცენტს აკეთებენ სულიწმიდის ზოგიერთ გამოვლინებაზე (გათავისუფლება, წაქცევა, ქება-დიდება); ან მხოლოდ ზოგიერთ სულიერ ნიჭებზე (ენები, განკურნება); ზოგი ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ ის ვერ წავა სამოთხეში ვინც თავს მოიკლავს; დავითი ცეკვავდა და ჩვენც აუცილებლად უნდა ვიცეკვოთ ეკლესიაში, აუცილებებლია „მამაო ჩვენოს“ თქმა მსახურების ბოლოში, ზიარება ფერხბანვის გარეშე არაა ზიარება; ისრაელმა წრე დაარტყა იერიქონს და ამიტომ ჩვენც ალყა უნდა დავარტყათ ქალაქებს; მე ვთქვი რწმენით, და ამიტომ ღმერთი ვალდებულია შეასრულოს; აბრაამი იყო მდიდარი და ამიტომ ყველა მორწმუნე ყველა უნდა იყოს მდიდარი; თუ კურთხევა არ აიღე, არაფრის კეთება არ შეიძლება და ა.შ.
ეკლესიათა ვებ გვერდები გადაჭედილია ასეთი სწავლებებით; მეორეს მხრივ მარხვა, ლოცვა, ღმერთის სიტყვის ირგვლივ ფიქრისთვის დროის გამოყოფა, წმინდა სულის საჩუქრებით მსახურება, თავშეწირვა, დინების საწინააღმდეგოდ სიარული, გაბედულება, სიმართლის საჯაროდ თქმა, ღმერთის ეკლესიის თითოეული წევრის მიერ ღმერთის დავალების შესრულება მეორე ადგილზეა გადაწეული.
ეს კი მიანიშნებს ეკლესიის კრიზისზე, რადგან ღმერთის სიტყვის რწმენა მრავალში ნელდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეკლესიის ამქვეყნად ყოფნის ბოლო პერიოდში.
ბიბლიური მოდელები
ღმერთის სიტყვა გვმოძღვრავს ხელმძღვანელობის, მიმართულების და ორგანიზების შესახებ რომელიც დასტურდება როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის წიგნებით. ეს მოდელი მარადულია და არ საჭიროებს დროის მიხედვით ცვლილებას. აი პრინციპები, რომელიც დადგენილია წერილებით:
1. ღმერთის საქმის აღსრულება ხდება ერთგულ, მომსმენ ადამიანთა ერთობით, რომლებით ცხოვრობენ ღმერთისადმი მიძღვნილი ცხოვრებით. უფალს ყოველთვის სიამოვნებს გაუცხადოს თავისი ნება ადამიანთა ერთობას, რომელსაც სურს მისი მოსმენა და მზად არის გაყვეს მას.
2. ღმერთი იძლევა გამოცხადებას თუ როგორ უნდა მოეწყოს, იყოს ორგანიზებული კონკრეტული ეკლესია. ეკლესია უნდა დაიმოძღვროს ღმერთის გეგმის შესაბამისად; იმ გეგმის, რომელსაც ის უცხადებს მათ, ვინც ეძებს მის სახეს და მზადყოფნაშია მიჰყვეს მას.
3. ღმერთისთვის არ არის აუცილებელი პირობა, იპოვოს განსაკუთრებულად დაჯილდოებული ადამიანები, რათა შეძლოს მისი ნების აღსრულება. ის იყენებს დამყოლ და გამგონე მსახურებს. უფლისათვის სასიამოვნო „წინამძღოლი“ - ეს არის ღვთის ანაბარა მყოფი, თავისუფალი სულის მსახური, რადგან მან იცის, რომ „ღმერთის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია“ (იოანე 15:5) და მიღწევათა მთელი დიდება ეკუთვნის იესოს. ამიტომ ღმერთის მსახურები ყველაფერს ეკითხებიან უფალს;
4. ღმერთის საქმის არსებითად შესრულება არ ხდება ერთი დიდი მქადაგებლის ან მახარებლის მიერ, არამედ ის სრულდება ქრისტეს მთელი სხეულის მიერ - ეკლესიის, რომელიც შედგება ზეციდან შობილი მსახურებისაგან, რომელთაც სწყურიათ იცხოვრონ მისი დიდებისათვის, ემსახურონ ღმერთს და ეკლესიას;
5. გამოღვიძება - ეკლესიის ნორმალური და პერმანენტული მდგომარეობაა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ წმინდა სულით აღვსებულებმა მუდმივ გამოღვიძების ყოფაში.
6. ეკლესიაში მთელი დიდება ეძღვნება ღმერთს. ადამიანი არ მაღლდება უფლის საქმეში. გაგება იმისა, რომ ეს უფალია, რომელიც იძლევა პატივს იყო მისი მსახური, გაძლევს უნარს გაუმკლავდე ცდუნებას თაყვანი სცე მას, ვინც მეტადაა გამოყენებული უფლის მიერ. (1 კორ. 4:7)